ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) განცხადება პანდემიასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ერთობლივ განცხადებას ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საჭიროებაზე. ერთობლივი განცხადება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა (ENNHRI) გაავრცელა, რომელიც ევროპის 40-ზე მეტ ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტს აერთიანებს.
განცხადებაში აღნიშნულია, პანდემიის პირობებში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები აგრძელებენ აქტიურ მუშაობას და აკვირდებიან სახელმწიფოების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და შეზღუდვებს. პარალელურად, ისინი ქვეყნის მთავრობებსა და პარლამენტებს აძლევენ რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების თაობაზე და მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს მათი უფლებების შესახებ. განცხადება მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ პროაქტიულად ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
განცხადებაში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს; კერძოდ, ქალებს და ბავშვებს, ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, შშმ პირებს, მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს და ა.შ.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
- ადამიანის უფლებები ძალაში რჩება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც
- მიღებული ზომები უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული, პროპორციული და კონკრეტულ ვადაში გაწერილი
- მიღებული ზომები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას
- ფართო საჯარო დისკუსიები/დებატები და კონსულტაციები არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს
- ქვეყნის პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება
- სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს გარანტირებული
- კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ადამიანის უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა
- სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან
ENNHRI-ის მიერ გავრცელებული განცხადება, იხილეთ წინამდებარე ბმულზე: <http://ennhri.org/statement-on-covid-19/>.