სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში
2019 წლის 5 და 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ბრიუსელში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელს ლუკ დევინს, ადამიანის უფლებების, გლობალური და მრავალმხრივი ურთიერთობების დირექტორატის დირექტორის მოადგილე მარკ ჯაკომინის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარ მრჩეველს გენდერულ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის N1325 ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების იმპლემენტაციის საკითხებში ელჩს მარა მარინაკის და ევროკავშირის ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებს.
სახალხო დამცველმა შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე; ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებსა და გასატარებელი რეფორმების საჭიროებაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებზე. ასევე განიხილა სახალხო დამცველის ჩართულობა და როლი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მიმართ თავდასხმები, მედიაპლურალიზმის მიმართულებით შექმნილი საფრთხეები; შეეხო ბოლოდროინდელ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს.
ელჩ მარი მარინაკისთან შეხვედრისას ნინო ლომჯარიამ განიხილა საქართველოში გენდერული თანასწორობის მხრივ არსებული ვითარება და გამოწვევები. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე. ელჩი მარი მარინაკი აგრეთვე დაინტერესდა საქართველოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს რეზოლუციის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობით, რომელზეც ნინო ლომჯარიამ და ეკატერინე სხილაძემ მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.