სიახლეები

ვიზიტი გამყოფი ხაზის სოფელ შამგონაში

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამყოფი ხაზის სოფელ შამგონაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები მოინახულა, მობინადრეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

„შამგონაში მცხოვრებ დევნილთა მთავარი პრობლემა არის განსახლება, რადგან ისინი დღემდე იმ ობიექტებში ცხოვრობენ, რომელშიც ომის დროს შეასახლა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, დღეს ეს შენობები ავარიულია, ინგრევა და მასში ცხოვრება არ არის უსაფრთხო. შენობები კეთილმოუწყობელია, არ თბება და ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ პირობებს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის აპარატი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სწავლობს დევნილთა მდგომარეობას და აგრძელებს ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას მათი პრობლემების შესახებ. სახალხო დამცველის შეხედულებით, შამგონაში მცხოვრებ დევნილთა განსახლება პრიორიტეტი უნდა იყოს პასუხისმგებელი უწყებებისთვის.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 ივნისის დასკვნის მიხედვით, სოფელ შამგონას ყოფილი ბაღის შენობა, რომელშიც ათამდე ოჯახი ცხოვრობს, არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)