ვებინარი გარემოს დაცვის საკითხებზე
20201 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ორგანიზებით და სამმართველოს წარმომადგენელის თამარ ოგანოვის მოდერაციით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.
შეხვედრაზე გარემოს დაცვის უფლების არსი, მისი გავლენა ადამიანის უფლებებზე, საქართველოში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები განიხილეს.
ვებინარზე მოხსენებით გამოსვლისას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა ნინო ათაბეგაშვილმა გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული პრობლემები განიხილა და მათი გამოსწორების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა კომპლექსური საკანონმდებლო გარანტიების შექმნის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობისა და მათი სათანადო ინფორმირებულობის აუცილებლობას.
დისკუსიაში მონაწილე თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა პირებმა გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს, კონკრეტულ ობიექტებზე აღმოჩენილი თუ შემჩნეული კონკრეტული პრობლემები გააცნეს და თავისი გამოცდილება გაუზიარეს.