სიახლეები

წინადადება ადმინისტრაციულ დაკავებაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

2024 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით არ დგინდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დაკავებულ პირთა რაოდენობა (ვინაიდან ყველა დაკავებული პირი არ თავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში). რაოდენობრივი მონაცემების გარეშე კი რთულია როგორც დაკავების ასევე, დაკავების ვადის საჭიროების გარეშე გახანგრძლივების პრობლემების მასშტაბების შეფასება.

საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე წლებია მიუთითებს საპარლამენტო ანგარიშებში და აღნიშნავს, რომ დაკავებების მავნე პრაქტიკა სხვადასხვა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ გამოიყენება.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებით მიმართა:

  • აწარმოოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები (მათ შორის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევის ჩამდენ პირთა დაკავების ფაქტების ამსახველი სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები);
  • ამავე დროს, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ისე უნდა წარიმართოს რომ, ირკვეოდეს იმ დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ მოუთავსებიათ დროებითი მოთავსების იზოლატორებში;
  • დამუშავებული ინფორმაცია/სტატისტიკური მონაცემები კვარტალურად გამოქვეყნდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)