სიახლეები

თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

2022 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოში წარმომადგენლობამ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის სამართლებრივი დაცვის უფროსმა იოჰან ფრანცმა ხაზი გაუსვეს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადამიანის უფლებების მიმართულებით ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი, შესწავლა, უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოვლენა და რეკომენდაციების მეშვეობით დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

სპეციალურ ანგარიშში შეფასებულია თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, ასევე ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისას არსებული გამოწვევები და ხარვეზები; გამოკვეთილია შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციები და როლი კანონით გათვალისწინებული სერვისებით უზრუნველყოფის დროს.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ წარადგინა. თამარ გვარამაძემ ისაუბრა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ინსტრუმენტებზე, სტატუსის დადგენის პროცედურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე, თავშესაფრის მაძიებელთა მიღების და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის პირობებზე. აღნიშნა, რომ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული ბავშვებზე, სპეციალური საჭიროების მქონე და მოწყვლადი კატეგორიის ჯგუფებზე; გაანალიზებულია სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.

ანგარიშზე მუშაობის პროცესში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგები ჩაატარეს შსს მიგრაციის დეპარტამენტში, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, სახელმწიფო საზღვარზე, საერთო სასამართლოებში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრსა და სკოლებში. ასევე, ხვდებოდნენ სხვადასხვა პირებს და ბენეფიციარებს, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის მქონე ქალებს, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მცხოვრებ ქალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებს.

პრეზენტაცია, რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიება საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)