თაობათაშორისი დიალოგი ადამიანის უფლებათა შესახებ
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს ეგიდით გამართულ ღონისძიებაში - „თაობათაშორისი დიალოგი ადამიანის უფლებათა შესახებ“.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც შეხვედრის სხვა მონაწილეებმა, ისაუბრეს ინკლუზიურობის უზრუნველყოფის გზებზე, ხანდაზმულთა მიმართ დისკრიმინაციასა და ძალადობასთან გამკლავებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე და ღირსეული, ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ხანდაზმულ ადამიანთა სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოკლედ მიმოიხილა ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები, მათ შორის, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგისა და აპარატის მიერ შესწავლილი სხვადასხვა საქმის შედეგები. აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია იწვევს ხანდაზმულთა გარიყულობას, ვინაიდან, ძირითადი უფლებებით სარგებლობა ასაკთან ერთად მცირდება იმ ნეგატიური აღქმის გამო, რომ ხანდაზმული ადამიანები ნაკლებად პროდუქტიულები არიან საზოგადოებაში და ახალგაზრდა თაობებისთვის ტვირთად აღიქმებიან.
თამარ გვარამაძემ ხაზი გაუსვა ყველა ადამიანის, და მათ შორის, ხანდაზმულთა ღირსების დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში წარმოდგენილ მყარ გარანტიებს და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება მეტ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა აღმოიფხვრას არსებული გამოწვევები, მოხდეს საკითხის აქტუალიზაცია და ეტაპობრივად გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ხანდაზმული პირების უფლებების დასაცავად.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის სოციალური პოლიტიკის ოფიცერმა ნუცი ოდიშარიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ ევია კოტანნმა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინო მაჭარაშვილმა.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.