სიახლეები

შეხვედრა ფოთში მცხოვრებ დევნილებთან

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. საუბრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ხმაური და ჰაერის დაბინძურება გამოიკვეთა.

დევნილთა ცნობით, მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მომუშავე ტერმინალებიდან სისტემატურად იფრქვევა შავი ფერის კვამლი. მოსახლეობა ვარაუდობს, ტერმინალებიდან სპილენძის კონცენტრატით იტვირთვება და შემდგომ მისი გადაზიდვა დასახლების გავლით, ღია კონტეინერებით ხდება.

„დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა, დღესაც კი როდესაც აქტიური სამუშაოები შეჩერებულია, ირგვლივ ძლიერი კვამლია. მოსახლეობის თქმით, მათ სახლებში მუდმივად შედის მტვერი და გაუსაძლისი ხმაური. ვფიქრობ, ერთჯერადი დაჯარიმება, რასაც სახელმწიფო იყენებს არ არის ეფექტური. მნიშვნელოვნად ირღვევა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების უფლება, იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა და აღნიშნა, რომ იგი მაქსიმალურად დაეხმარება დევნილებს საკუთარი უფლებების დაცვაში. ასევე მოუწოდა მედიას დაინტერესდეს და გააშუქოს იმ ასობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების მდგომარეობით, რომელთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია.

როგორც სახალხო დამცველისთვის ცნობილია, ფოთში არ არის დამონტაჟებული მონიტორინგის სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ჰაერის მდგომარეობის შესწავლა. მხოლოდ ინდიკატორული გაზომვები ტარდება პერიოდულად, რა დროსაც არ ხდება ჰაერში ყველა ძირითადი დამაბინძურებლის, მათ შორის, მტვრის შემცველობის გაზომვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)