სიახლეები

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს სპეციალურ მომხსენებელს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს ახლად არჩეულ სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა.

გაგზავნილ წერილებში, საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმაციას აწვდის აღნიშნული მანდატის მქონე პირებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე, ხაზს უსვამს, რომ კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩარევებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა ქვეყანაში, განსაკუთრებით საარჩევნო წლის განმავლობაში. სპეციალურ მომხსენებლებთან გაგზავნილ წერილებში აღწერილ მოვლენებამდე, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენდა მიუკერძოებელ ტელევიზიას, რომელიც საარჩევნო პროცესების გამჭირვალე და ბალანსირებული გაშუქებით გამოირჩეოდა.

ამასთან ერთად, წერილებში სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენებს და სწავლობს მაუწყებლის თანამშრომლების შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს, როგორც საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე ჟურნალისტების მომართვის საფუძველზე: კერძოდ, 2019 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრები გამართა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჟურნალისტებს მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში და დაპირდა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.

2020 წლის 19 თებერვალს კი ბათუმში საქმიანი ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია და მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა;

2020 წლის 24 აპრილს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

ხოლო 2020 წლის 10 ივნისს სახალხო დამცველმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსადმი წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae). განსახილველი საქმე ეხება „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესებს“, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით, ქმნის მაუწყებლის თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის საფუძველს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2020 წლის 24 აგვისტოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის, ასევე მომავალში შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)