სიახლეები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან - ბათუმის ბულვართან დაკავშირებით

მრავალი წელია ბათუმის აქტიურმა, ქაოტურმა და სპონტანურმა განვითარებამ ქალაქი მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა. განსაკუთრებით, ქალაქის ისტორიულ ცენტრში წარმართულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზიანა რეკრეაციული ტერიტორიების, ისტორიული მახასიათებლების, ურბანული კულტურული მემკვიდრეობის, ინდივიდუალური ძეგლების დაცვა-შენარჩუნების საჯარო ინტერესები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ბათუმის ბულვარში, შპს „ამბასადორი ბათუმის“ მიერ მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ რთულ რეალობას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორია საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლს წარმოადგენს.

სახალხო დამცველი არაერთი წელია აქტიურ ზედამხედველობას უწევს სამშენებლო სფეროში ადამიანის უფლებების რეალიზაციას. ამ საქმეში კი სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების კანონიერი ინტერესების უგულებელყოფით მიიღო, ამდენად, 2022 წლის 21 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა უწყებას და გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

კერძოდ, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2018 წელს შპს „ამბასადორი ბათუმს“ მისცა სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა. კომპანიას უნდა დაეშალა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ყოფილი საზღვაო პოლიკლინიკის შენობა და მის ადგილას სამ სართულიანი შენობა აეშენებინა. თუმცა მოგვიანებით, 2021 წლის იანვარში, სააგენტომ ცვლილებები შეიტანა თავდაპირველ გადაწყვეტილებაში და ჯერ დათანხმდა სამ სართულიანი ობიექტის ნაცვლად 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას, შემდგომ კი, ნოემბერში - კიდევ ორი სართულის დამატებას.

2021 წელს განხორციელებული ცვლილებებით სრულად შეიცვალა დაგეგმილი საქმიანობა - ძეგლის რეაბილიტაცია. ძეგლის დაცვის ინტერესების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და დასაბუთების მაღალი სტანდარტით, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ მომხდარა.

გასათვალისწინებელია, რომ ბათუმის ბულვარში არსებული ისედაც მძიმე ვითარების საპასუხოდ მუშავდება ბულვარის განაშენიანების გეგმა. სახალხო დამცველმა მოუწოდა სააგენტოს, მაღალი საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე არ გასცეს ბულვარზე (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე) რაიმე სახის სამუშაოების განხორციელების ნებართვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ვითარების კიდევ უფრო დამძიმება და შეუქცევადი ზიანის დადგომა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)