სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება დამძიმებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და გამჭვირვალობის დაბალი ხარისხის თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.

სამწუხაროდ, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა, ასევე მაღალია ვირუსის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

პერიოდულად მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც გარდაცვლილთა ოჯახები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. იგივე პრობლემაზე საუბრობენ 29 ნოემბერს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის პაციენტის მშობლები. ოჯახის წევრების განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადება, თუმცა, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში დროულად არ გადაიყვანეს.

30 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური კომისია განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის № 01-482/ო ბრძანებით, სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში COVID 19-ის შემთხვევების მართვის კლინიკურ აუდიტს მოწვეული ექსპერტების ჯგუფი ახორციელებს, რომელიც მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, ამზადებს რეკომენდაციებს COVID 19-ის შემთხვევების მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.

განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება