სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება 28-29 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ

29 ნოემბრის დილის 02 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.

ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.

გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში.

სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა. ნიშანდობლივია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. საგულისხმოა, რომ ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც.

29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო. გამოვლინდა 9 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს. ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალისტს - მარცხენა თვალბუდის არე მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და სახე შეშუპებული, მესამეს კი ცხვირის, ყვრიმალებისა და შუბლის არეში შეშუპებები და ნაკაწრები. ამასთან, იზოლატორში რწმუნებულის ყოფნის დროს შემოიყვანილ ერთ-ერთ დაკავებულებს დასჭირდა კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანა ქირურგიული ჩარევის მიზნით.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ სხვა დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში.

სახალხო დამცველის აპარატმა ყველა დაკავებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირის შესახებ უკვე შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისმა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ შედეგად გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა. ასევე, უკიდურესად აუცილებელია გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით (არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით), რომელიც ზუსტად ასახავს იმ ქმედებების შეფასებას, რაც ღამის მანძილზე განხორციელდა.

აქვე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოძიებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოებს უზრუნველყონ დაკავებული მომიტინგეების სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედმიწევნითი დაცვა, არსობრივად შეაფასონ დაკავების კანონიერების საკითხი და არ დაეყრდნონ მხოლოდ პოლიციელთა განმარტებებს ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)