სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატმა ნებაყოფლობითი ვალდებულებები წარადგინა ლტოლვილთა გლობალურ ფორუმზე

2019 წლის 17-18 დეკემბერს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და სახალხო დამცველის რწმუნებულება თამთა პაპუაშვილმა და ბექა ჯავახაძემ საქართველოს დელეგაციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ჟენევაში გამართულ ლტოლვილთა პირველ გლობალურ ფორუმში (Global Refugee Forum GRF).

ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი განათლებაზე, ინტეგრაციის პროგრამების განხორციელებაზე, დასაქმებასა და საარსებო წყაროებზე, აგრეთვე მათი უფლებების დაცვის შესაძლებლობებზე გაკეთდა. სახელმწიფოებმა და სხვა არასახელმწიფო აქტორებმა ნებაყოფლობითი ვალდებულებები წარადგინეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პირველად აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ: 1. გააგრძელებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას - სახალხო დამცველის „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიურ ანგარიშში; 2. განახორციელებს ლტოლვილის სტატუსის დადგენისა და აღნიშნულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმეების მონიტორინგს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; 3. განაგრძობს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა პრობლემების მოსაგვარებლად საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან ადვოკატირებას.

ფორუმში მონაწილეობის პარალელურად სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ გამართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და რეგიონული მექანიზმების სექციის ხელმძღვანელთან, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების, ასევე ადამიანის უფლებების დამცველთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლების აპარატების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე სახალხო დამცველისა და გაეროს შესაბამის მექანიზმებთან თანამშრომლების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის, ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოს დაცვით და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხებზე.

ფორუმი პირველად გაიმართა, 2018 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ლტოლვილთა შესახებ მიღებულ გლობალური შეთანხმების ფარგლებში. ღონისძიებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური საბჭოს მასპინძლობდა, ხოლო თანაორგანიზატრები იყვნენ კოსტა-რიკა, ეთიოპია, გერმანია, პაკისტანი და თურქეთი. ღონისძიების გახსნას დაესწრო გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და სხვა თანაორგანიზატორი სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს დელეგაციას ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ირაკლი ჟღენტი ხელმძღვანელობდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)