სახალხო დამცველი სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსებას მიესალმება
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უკვე წლებია თავის ანგარიშებში საუბრობს ონკოპაციენტების უფლებებსა და შესაბამის პროგრამათა ნაკლოვანებებზე.
მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომელსაც სახელმწიფო დაუფინანსებს ონკოლოგიური ქირურგიის, როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ ოპერაციებს. მისასალმებელია ასევე, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.