სიახლეები

სახალხო დამცველი მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოსაზრებების ნაწილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ინიცირებული კანონპროექტი საკმაოდ პრობლემური იყო და ხარვეზებს შეიცავდა. ადამიანის უფლებებზე მისი ნეგატიური გავლენის შერბილებისა და საკანონმდებლო პაკეტის გაუმჯობესებაში პოზიტიური წვლილის შეტანის მიზნით, სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრებები ერთი დღის ვადაში მიეწოდა საქართველოს პარლამენტს. მათი ნაწილი ამ დროისათვის (მეორე მოსმენის წინ) გათვალისწინებულია, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. კერძოდ: 1) მთავრობაზე/სამინისტროზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებისას ცხადად მიეთითა უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმები (ე.წ. სამსაფეხურიანი ტესტი); 2) „შესაძლო ინფიცირებული პირის“ იზოლაციისათვის დაქვემდებარების ნაცვლად განისაზღვრა, რომ პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, დაექვემდებარება საკარანტინო ღონისძიებებს; 3) ცალკეული სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრა იზოლაციის/კარანტინის გამო თავისუფლებაშეზღუდული პირებისათვის; 4) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები დისტანციურად გაიმართება არა უპირობოდ ყველა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კანონპროექტში განხორციელებული ეს ცვლილებები და ის საკითხი, რომ მათ დროებითი ხასიათი ექნებათ, მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ რისკებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა. მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე; ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა. კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, აღნიშნული საკითხები წესრიგდება სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და არ ქმნის მისი სპეციფიკურად დარეგულირების საჭიროებას.

კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში. სახალხო დამცველი დეტალურად დააკვირდება აღნიშნულ პროცესს და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის შემდგომი უზრუნველყოფისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის ჩათვლით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)