სიახლეები

სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 31 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ადევნებდა თვალს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას.

დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტებისათვის საქმიანობის ხელშეშლისა და მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით. მაგალითად, გლდანის N79 საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას საქმიანობაში ხელი შეეშალა ინტერნეტ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტს მინდია გაბაძეს, მას ასევე დაუზიანდა ტელეფონი.[1] გლდანში, N39 სკოლასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა ტვ. პირველის ჟურნალისტი;[2] მარნეულში, N14 საარჩევნო უბანზე მყოფ On.ge-ს ჟურნალისტს მუშაობაშიხელი შეუშალა სავარაუდოდ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა.[3]

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტ მინდია გაბაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებსა და მათ მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს მაღალ სტანდარტს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყონ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის საფუძველზე და მიიღონ შესაბამისი ზომები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით. გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავებმა ეფექტურად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება.


[1] იხ. https://rb.gy/7hlvjk

[2] იხ. https://rb.gy/szppyo

[3] იხ. https://rb.gy/kzzju0

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)