სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით

საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ფუნდამენტური უფლებაა და უშუალოდ მის რეალიზაციაზე, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების კონტექსტში სხვა უფლებათა რეალიზაციაზე ზედამხედველობას საქართველოს სახალხო დამცველი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, წარმოგიდგენთ სახალხო დამცველის მიერ 2024 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით იდენტიფიცირებულ პრობლემატურ საკითხებს.

  • შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე რეაგირება

მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში (აგვისტოს თვიდან მოყოლებული), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს იდენტიფიცირებული აქვს 15 შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება. თხუთმეტიდან 4 ფაქტი ეხებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფას;[1] 1 შემთხვევაში - ინფორმაცია გავრცელდა ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირების შესახებ;[2] 2 ფაქტი შეეხებოდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრების სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფას;[3] 1 ფაქტი - პენიტენციურ სისტემაში პატიმართა მიმართ ზეწოლას „ქართული ოცნებისთვის“ ხმების შეგროვების მიზნით (სოციალური დახმარების მოხსნის, ფიზიკური ანგარიშსწორების, დისციპლინური სახდელის დაკისრების მუქარა);[4] 2 ფაქტი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან მუქარას;[5] 5 ფაქტი - კერძო საკუთრების სავარაუდო დაზიანების ფაქტს, საიდანაც ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის საკუთრების მიმართ განხორციელდა.[6]

ზემოაღნიშნული შემთხვევების ნაწილზე სახალხო დამცველის აპარატს მიღებული აქვს უკვე ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებიდან და განაგრძობს უფლებამოსილების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებებზე ზედამხედველობას.

  • სადამკვირვებლო ორგანიზაციები

წინასაარჩევნო პერიოდში სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების და შესწავლის საგნად იქცა სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და მისი ხელმძღვანელის საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიჩნევის თაობაზე, რის გამოც შეიზღუდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და სადამკვირვებლო ორგანიზაცია დღეს უკვე აგრძელებს თავის საქმიანობას, თუმცა, ხსენებულმა პრეცედენტმა საფრთხე შეუქმნა ორგანიზაციის ფუნქციონირებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, აპარატში საკითხის შესწავლა მიმდინარეობდა უფლებადამცველთა საქმიანობის, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლების, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებების შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით.

  • პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეები

წინა საარჩევნო პერიოდებისაგან განსხვავებით, აპარატში ამ დროისთვის, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების,ან სამსახურებრივად შევიწროების შესახებ განაცხადები წარმოდგენილი არაა. თუმცა, სახალხო დამცველმა, საკუთარი ინიციატივით საკითხის მოკვლევის მიზნით, 3 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა და მოიპოვა ინფორმაცია საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების სამინისტროდან, ხონისა და სენაკის სკოლების დირექტორების და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლის მიზნით. როგორც მოკვლევის ეტაპზე გაირკვა, სამივე შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს მიმართული აქვთ სასამართლოსთვის, რის გამოც აპარატი არ არის უფლებამოსილი შესწავლა გააგრძელოს. ასევე სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და ახსნა-განმარტებისთვის მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთ-ერთ ლექტორთან შრომითი ურთიერთობის თაობაზე შესაძლო პოლიტიკური მოტივით მიღებული გადაწყვეტილების შესაფასებლად. ანალოგიურად, სახალხო დამცველმა ინფორმაცია გამოითხოვა სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც“, ერთ-ერთ მოწვეულ ლექტორთან შრომითი ურთიერთობის განუახლებლობის თაობაზეც, რასაც იგი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.[7] სახალხო დამცველი ასევე თვალს ადევნებს სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმართ ავტორიზაციის საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და დამატებითი მოკვლევის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა, სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერსაც მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, „თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს“, მერიისგან ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. არსებული ინფორმაციით, „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“ არ დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ხოლო ცენტრის დირექტორი ღიად გამოხატავდა თავის პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეებზე აპარატში ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი დაინტერესებული პირების განაცხადები, მოპასუხე უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის გარდა, დისკრიმინაციული მოტივების შესაფასებლად თუ დასადგენად აუცილებელია დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლების მიერ მტკიცებულებების წარმოდგენა. ამდენად სურვილის შემთხვევაში, აპარატი მზადაა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები.

  • ზეწოლა სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე

აპარატისთვის ცნობილი გახდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მხრიდან სავარაუდო მუქარის თაობაზე იმ სტუდენტების მიმართ ვინც პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პარტიულ ღონისძიებას არ დაესწრებოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი უნივერსიტეტის ლექტორი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ფაქტებს, თუმცა უნივერსიტეტმა გამოხატა მზადყოფნა დაიწყოს დისციპლინური წარმოება სტუდენტების მხრიდან თუნდაც ანონიმური მიმართვის შემთხვევაში, რაც უნივერსიტეტში აპარატთან კომუნიკაციის ეტაპზე არ ფიქსირდებოდა. ასევე მედიასაშუალებებით გავრცელდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლო ზეწოლის სხვა შემთხვევებზეც ინფორმაცია, თუმცა არ იყო იდენტიფიცირებული კონკრეტული სასწავლებლები. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირების იძულება მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ ღონისძიებაში და მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს.

  • საარჩევნო კამპანიაში შესაძლო ხელშეშლის შემთხვევები

წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა ამომრჩევლებთან შეხვედრების წარმოებისას სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები, კერძოდ 2024 წლის 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტიის „საქართველოსთვის” ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ასევე 2024 წლის 13 სექტემბერს ქუთაისში ე.წ. „ავტო-ქარხნის დასახლებაში“ პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა/დაზიანების თაობაზე.[8]

ზემოაღნიშნული შემთხვევები და მსგავსი ქმედებები ქმნის მტრულ გარემოს, ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის და აგიტაციის თავისუფლად წარმოებას. შესაბამისად, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა სუბიექტმა თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევებში უფლებამოსილი ორგანოების მიერ განხორციელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.


[1] < https://www.facebook.com/watch/?v=7904774546242879 > < https://shorturl.at/9sz1k > < https://shorturl.at/nSt6> https://formulanews.ge/News/118055

[2] <https://www.facebook.com/TvMtavari/videos/831639135616961/ >

[3]< https://www.youtube.com/watch?v=1dIFho0eOW8 > < https://www.youtube.com/watch?v=GgquwpNcWXI >

[4] < https://www.youtube.com/watch?v=AQoHjGhgBtc >

[5] < https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1569480963924774/?rdid=bpw3Da98Z3AjCPCJ > < https://www.facebook.com/annatsitlidzee/videos/506745085474107/ >

[6] <https://www.facebook.com/watch/?v=810537031236238 > <https://www.facebook.com/photo?fbid=1084785770313745&set=pcb.1084790600313262 > <https://shorturl.at/1yFd5 > < https://www.interpressnews.ge/ka/article/812310-kartuli-ocnebis-inpormaciit-chxorocqushi-koalicia-cvlilebistvis-cevrma-kartuli-ocnebis-adgilobrivi-saarchevno-shtabis-xelmzgvanels-avtomankana-kvebit-daumtvria/ > < https://formulanews.ge/News/116667 >

[7] https://www.facebook.com/100001611597991/posts/8775285092535123/?rdid=IIIhGak7ZTwS4BNb

[8] https://rustavi2.ge/ka/news/291096


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)