სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სამუშაო შეხვედრა არჩევნებთან დაკავშირებით

2024 წლის 18 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გამართა არჩევნების თემაზე, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა-შესწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილე მხარეებისგან არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება.

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განაცხადებით, გაზრდილი პოლარიზაციის პირობებში დიდი მოლოდინებია აპარატის მიმართ, რომელიც, მიუხედავად შეზღუდული მანდატისა და რესურსებისა, მზად არის მოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა მოპოვებული ინფორმაცია. ასევე აღნიშნა აპარატის რეგიონული წარმომადგენლობების მზადყოფნა წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დროს უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების კუთხით.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების საკითხებზე, რაც ეფექტიანი რეაგირების და გრძელვადიანი გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა. ასევე, ძალადობის აქტებისა და დაკავებების დროს რეაგირების არსებული მექანიზმის მნიშვნელობასა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.

მონაწილეებმა არაორდინალური გარემოებების პირობებში, წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესებში აპარატის უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე; ასევე, აქციების დროს დაკავებულთა მოძიებასა და მათი უფლებების მონიტორინგის საკითხებში აპარატთან ეფექტიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის უარყოფით გავლენას არასამთავრობო სექტორზე.

შეხვედრა გაიმართა USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)