საქართველოს სახალხო დამცველის პირველადი შეფასება გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული,[1] ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვაზე ზედამხედველობა, საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს გელათის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, გელათის რეაბილიტაციის პროცესში, გადახურვისთვის გამოყენებული კრამიტი დაზიანდა და ტაძრის ინტერიერში ჩავიდა წყალი, რაც ექსპერტთა განმარტებით ამ დრომდე იწვევს უნიკალური ფრესკების დაზიანებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამართა შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას, ასევე არაერთხელ შედგა კომუნიკაცია[2] სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.
შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა გამოკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:
- მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება;
- დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა დროებითი გადახურვის დაზიანების თაობაზე.[3] აღნიშნული მიუთითებს თუ რამდენად არაეფექტურად მიმდინარეობდა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმარება და ზედამხედველობა;
- საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარების დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს.
ამ ეტაპზე სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რის ფარგლებშიც სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს რეკომენდაციით:
- გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;
- როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დასადგენად, ასევე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;
- საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდოს სრული ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში საკითხზე ზედამხედველობას და შემდგომ შეფასებებს მიაწვდის საზოგადოებას.
© Photo By Marcin Konsek/Wikimedia Commons
[1] საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და მე-20 მუხლები.
[2] 2020 წლის 25 სექტემბრის N04-9/9520, 2020 წლის 26 ოქტომბრის N04-9/10626, 2020 წლის 23 დეკემბრის N04-9/12655 და 2021 წლის 20 იანვრის N04-9/364 წერილები.
[3] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://www.radiotavisupleba.ge/a/31052445.html> {ბოლოს ნანახია 10.02.21}.