საქართველოს სახალხო დამცველი უფლებადამცველების მიმართ წარმოებულ დისკრედიტაციის კამპანიას ეხმიანება
დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებადამცველთა განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ბოლო პერიოდში მათ მიმართ წარმოებულ დისკრედიტაციის კამპანიას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ეფექტიანი ჩართულობისთვის დაბრკოლებების შექმნას.
2022 წლის აგვისტოს თვეში მმართველმა პარტიამ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაკარგვის მიზეზით, არ ჩართო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელსაც ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოსთვის განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს და აზიანებს ცვლილებების ეფექტიანად და სიღრმისეულად განხორციელების პროცესს. აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ ამ ფაქტის შედეგად, პარლამენტში შექმნილ ჯგუფებში თავისი მონაწილეობა შეაჩერეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა ექსპერტული ცოდნა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესში.
საგულისხმოა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას თან სდევდა და დღემდე გრძელდება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის და საზოგადოებაში მათი სანდოობის შემცირების მცდელობა.[1] პრობლემის ნათელი გამოხატულებაა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელშიც მან არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯების გაუმჭვირვალე და რისკის შემცველ ხასიათზე მიუთითა. იმ ფონზე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია მათ ვებგვერდებზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მსგავსი სახით წარმოჩენა მიზნად მხოლოდ საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას ისახავს.
საგულისხმოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები ძირითადად მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ხდებიან, რაც წარსულშიც არაერთხელ შეაფასა სახალხო დამცველმა, როგორც მიუღებელი პრაქტიკა.[2] საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, უფლებადამცველთა შესახებ გაეროს დეკლარაციის, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში უფლებადამცველების დაცვის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის და უფლებადამცველთა დაცვის თაობაზე ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სახელმძღვანელოს შესაბამისად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სახელისუფლებო პოლიტიკის ზედამხედველობა, მისი კრიტიკა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა უფლებადამცველების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რომლისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან; მომავალში, უზრუნველყონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების არსებითი ჩართულობა და თავიდან აიცილონ შესაბამის ორგანიზაციათა დაშვება იმის მიხედვით, თუ რამდენად მისაღებია მათ მიერ გამოხატული პოზიციები.
[1] მაგ. იხ. განცხადებები: < https://bit.ly/3Bj8aLK >, < https://bit.ly/3xqrOEk >, < https://bit.ly/3LiDXkc >, < https://bit.ly/3RNjaHY >, < https://bit.ly/3qCQsxN >, < https://bit.ly/3Bg9jDO >, < https://bit.ly/3RJSDLZ > [15.09.2022].
[2] სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.194; სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.257; სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.250; სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.167.