სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში გამართულ აქციებს, რომელიც 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გაიმართა.

29 აგვისტოს ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია აქციის მონაწილის მუქარის შემცველი განცხადებები პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მისამართით. მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, 5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად ხეობაში დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები გააუქმა.

5 სექტემბრის აქციის მონაწილეებმა მთივლიშვილის მიერ რადიოს დატოვება მოითხოვეს. აქციაზე კვლავ გაჟღერდა ჟურნალისტის მიმართ ძალის გამოყენების მუქარა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები სცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; ამასთან, აქციებზე გაკეთებული განცხადებები შეიცავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელოვან როლს ხეობაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე შეაფასოს გელა მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)