სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს

2019 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულ გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა, ასევე გამართა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან.

გაფიცულთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია საწარმოში შრომის პირობებისა და მუნიციპალიტეტში ეკოლოგიის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითებს. სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გაფიცულ თანამშრომლებს და აუცილებლად მიაჩნია, სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები. თავისი პოზიცია საქართველოს სახალხო დამცველმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებშიც დააფიქსირა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის.

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები მიუთითებენ კომპანიის მხრიდან ღირსების შემლახველ და მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ მოპყრობაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. „ვახტურ რეჟიმზე“ დასაქმებულ მაღაროელთა სამუშაო გრაფიკი, რომელიც ზედიზედ თხუთმეტ 12-საათიან სამუშაო ცვლას ითვალისწინებს. ასეთი გრაფიკიდან გამომდინარე, მაღაროელთა ნაწილს კვირაში 84 საათის განმავლობაში უწევს მუშაობა, რაც კანონმდებლობით დადგენილ კვირის 48 საათიან დასაშვებ ზღვარს 36 საათით აღემატება. თუმცა, ამ ზეგანაკვეთურ სამუშაოს კომპანია არ ანაზღაურებს. ამასთან, „ვახტური რეჟიმის“ დროს, მთელი 15 დღის განმავლობაში, 12 საათიანი სამუშაოს შესრულების შემდეგ, მაღაროელებს მათთვის სპეციალურად მოწყობილ სანატორიუმში ათავსებენ. შედეგად, ისინი ვერ ახერხებენ სამუშაო ცვლებს შორის დადგენილი 12-საათიანი დასვენების თავისუფლად გამოყენებას – პროფესიული, ოჯახური და პერსონალური ვალდებულებების სათანადოდ დასაბალანსებლად და სამსახურთან დაკავშირებული სტრესისა და გადაღლის თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახის, მისი შესრულების სიმძიმისა და ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენის გათვალისწინებით, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ ღირსეული ანაზღაურებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაქსიმალური შესაძლებლობით.

დღეის მდგომარეობით, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული შეუთანხმებლობა მწვავე დაძაბულობას აღწევს, გაფიცვას თან სდევს შიმშილობა და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმები. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, კომპანიამ თავი შეიკავოს დასაქმებულთა მიმართ ხისტი ღონისძიებების გატარებისგან და მის ხელთ არსებული, მათ შორის, კანონიერი საშუალებები არ იყოს გამოყენებული ანგარიშსწორების მიზნით. ამასთან, სახალხო დამცველი უპირობო აუცილებლობად მიიჩნევს მაღაროელთა გაფიცვის დაწყებამდე, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სრულ ანაზღაურებას.

შრომითი პირობების და დასაქმებულთა უფლებების მაქსიმალურად გათვალისწინებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთის მხრივ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მხარეთა შორის მოლაპარაკებებისა და მედიაციის პროცესის განახლებას და უზრუნველყოს გაფიცულ მაღაროელთა მაღალი ნდობით აღჭურვილი მედიატორის გამოყოფა და წარმართოს შედეგზე ორიენტირებული მედიაციის პროცესი და მეორეს მხრივ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო ობიექტებზე შრომის კანონმდებლობითა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულყოფილი ინსპექტირებისთვის და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის. ამასთან, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ზედამხედველობის განხორციელების პროცესში კომპანია სრულად ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებასთან როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე - შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

საგულისხმოა, რომ გაფიცული მაღაროელებისა და მათ მიმართ სოლიდარული ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და შეშფოთების ერთ-ერთი საფუძველს კომპანიის საქმიანობის შედეგად მუნიციპალიტეტში გამოწვეული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაც წარმოადგენს. წლების განმავლობაში კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევებით წარმართულმა საქმიანობამ საბოლოოდ უკიდურესად დაამძიმა მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით და მუნიციპალიტეტი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენა. აღნიშნულ პრობლემაზე სახალხო დამცველი წლების განმავლობაში თავის საპარლამენტო ანგარიშებში მიუთითებდა.

საგულისხმოა, რომ კომპანიის მხრიდან წლების განმავლობაში განგრძობითმა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობამ სახელმწიფო იძულებული გახდა სასამართლოს გზით, საწარმოში სპეციალური მმართველი დაენიშნა. სპეციალური მმართველის 14 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესასრულებელ პერიოდად კი 2017-2019 წლები განისაზღვრა. სახალხო დამცველი მხედველობაში იღებს საწარმოო პროცესის უწყვეტად წარმართვის მნიშვნელობას, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია საწარმოს საქმიანობა კანონმდებლობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების უგულებელყოფის, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებისა და დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების ხელყოფის ხარჯზე მიმდინარეობდეს. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, დაუყოვნებლივ შეაფასონ სპეციალური მმართველის მიერ სამოქმედო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების საკითხი. ამასთან, აუცილებელია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ფართო საზოგადოების დროული ინფორმირებულობა აღნიშნული შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების თაობაზე. თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველი მისი კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების კანონიერებისა და ეფექტურობის ზედამხედველობას.

საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად პოზიტიური როლი შეასრულოს გაფიცულთა და კომპანიას შორის კომუნიკაციის პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)