სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.

გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით.[1] თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი.

კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.

გავრცელებული მოსაზრებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს დაუკავშირდა აგრეთვე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი ჩამოშორდა მაუწყებლის პლატფორმებზე სარედაქციო პოლიტიკის მართვას და საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. საგულისხმოა, რომ ნათია ზოიძის მიერ თანამდებობის დატოვება კრიტიკულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ მიერ, რომელმაც აღნიშნული საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას დაუკავშირა.

განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადებაში ჯანსაღი მედიის სასიცოცხლო ფუნქციას და იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად არ აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს,[2] რომელთა ზედმიწევნით განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით.

ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და მოახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას.


[1] იხ. ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ (2017 წლის 21 ოქტომბერი და 12 ნოემბერი), გვ. 33, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2HdskLy> [ბოლოს ნანახია: 18.02.2020]; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში (2016-2018), გვ. 14-15, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2vCl6y6> [ბოლოს ნანახია: 18.02.2020].

[2] „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 16.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)