სიახლეები

რეკომენდაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა ონლაინ გამოცემა „საქართველოს ამბების“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გარდა, რეკომენდაციაში საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირის - „საქართველოს ამბების“ სტატუსზეც ყურადღება გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის, როგორც საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციის განმახორციელებელი პირებისთვის, ინფორმაციის შეგროვება საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნილი უსაფუძვლო დაბრკოლებები არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების, არამედ მედია თავისუფლების შეზღუდვასაც წარმოადგენს.

შესაბამისად, 2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციით მიმართა დაავალოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს ონლაინგამოცემა „საქართველოს ამბებს“ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)