ონლაინ პრეზენტაცია - უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში
1 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ონლაინ პრეზენტაცია გამართა თემაზე: „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“. შეხვედრაზე განიხილეს მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მგომარეობის მხრივ არსებული გამოწვევები და ტენდენციები, როგორიცაა საერთაშორისო სტატუსის მინიჭების დაბალი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში, უსაფრთხოების საფუძველით უარის დასაბუთებულობის, ინტეგრაციისა და დაკავების ალტერნატივის საკითხები.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი ქემლინ ფურლი.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის ერთ-ერთი თავი - უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში წარმოადგინა.
კონფერენციაზე თამარ გვარამაძემ მიმოიხილა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა და სახელმწიფო საზღვრის მონიტორინგი. საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
- საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების 84%-დან დაახლოებით 8%-ის საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოებაა, ხოლო მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ეთქვათ უარი აღნიშნული საფუძვლით, არიან ისეთი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებშიც საომარი მოქმედებები და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებია გახშირებული
- თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანია, თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის განახლება და ერთი უწყების ფარგლებში რეაგირებისთვის შემუშავება
- საზღვრის უკანონო კვეთის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პრინციპის უზრუნველყოფა
- გასაუმჯობესებელია პენიტენციური დაწესებულებებიდან თავშესაფრის მოთხოვნის მექანიზმი
- მნიშვნელოვანია საპატრულო პოლიციის გამშვები პუნქტებისა და სასაზღვრო პოლიციის სექტორების კეთილმოწყობის საკითხი
- პრობლემას წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, რაც გულისხმობს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების საფუძვლით“ უარს და სტატისტიკის წარმოება. 2019 წელს 25 548 უცხოელს შეეზღუდა საქართველოში შემოსვლა, თუმცა არ არსებობს სტატისტიკა, რამდენ პირს ეთქვა აღნიშნული მუხლით და რამდენს სხვა საფუძველით;
- სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განხილული საქმეების საერთო რაოდენობამ 27 763 შეადგინა, ხოლო უარების 93% სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველს უკავშირდება.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, სახელმწიფო უწყებების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.