სიახლეები

ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენცია - „ადამიანის უფლებების დაცვა ციფრულ ეპოქასა და სოციალურ მედიაში“

2024 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „ადამიანის უფლებების დაცვა ციფრულ ეპოქასა და სოციალურ მედიაში“, რომელიც ქალაქ პაფოსში (კვიპროსის რესპუბლიკა) გაიმართა.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენები, ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მედიატორები, ასევე, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე საკითხები სამ პანელად იყო განხილული. პირველ პანელზე ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ახალ საერთაშორისო მექანიზმებზე ისაუბრეს. მეორე პანელზე სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა და მედიატორის ინსტიტუტების წარმომადგენლობა თავისი გამოცდილება გააზიარეს - თუ როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ ტექნოლოგიებს საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად და რა გამოწვევებს აწყდებიან ამ მხრივ. კონფერენციის ბოლო პანელი, რომელსაც თამარ გვარამაძე გაუძღვა, ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების გავლენას ისეთ უფლებებზე, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების უფლება, საარჩევნო უფლება.

მისასალმებელ სიტყვაში თამარ გვარამაძემ აღნიშნა: „კონფერენციაზე განხილული საკითხები კიდევ ერთხელ ნათელი დასტურია რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე, სხვა არაერთი ფუნდამენტური უფლების რეალიზაციისთვის; და არათუ ადამიანის უფლებების შეზღუდვის, არამედ დემოკრატიული სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის ხელშემშლელი ფაქტორიც შეიძლება გახდეს.“

2024 წლის 25 სექტემბერს თამარ გვარამაძე ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის (AOM) მმართველი საბჭოს სხდომას, ასევე ასოციაციის რიგგარეშე სხდომას დაესწრო.

კონფერენცია კვიპროსის ომბუდსმენისა და ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის (AOM) თანაორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)