სიახლეები

ლტოლვილთა ფორუმი საქართველოში

2023 წლის 21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ლტოლვილთა ფორუმში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით. აღნიშნა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან (UNHCR) მჭიდრო თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით აპარატი უკვე წლებია ახორციელებს სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, პენიტენციური დაწესებულებების, დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრების, ასევე, სტატუსის დადგენის პროცედურის სისტემურ და პროაქტიულ მონიტორინგს. ასევე შეისწავლის თავშესაფრის მაძიებელ ცალკეულ პირთა მიმართ სტატუსის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

თამარ გვარამაძემ ასევე ისაუბრა საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში იდენტიფიცირებულ პრობლემებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე; ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ მუშაობას, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგისა და ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ლტოლვილთა გლობალურ ფორუმსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ ნებაყოფლობით ვალდებულებებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)