სიახლეები

ხანდაზმულ პირთა საერთაშორისო დღე

ყოველწლიურად, 1 ოქტომბერს მთელი მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანია გაიზარდოს ცნობიერება იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების თაობაზე, რომელთა წინაშეც ხანდაზმული მოსახლეობა დგას.

გაერო ხანდაზმულთა დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემით ეხმიანება. მიმდინარე წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა ზრუნვისა და მხარდაჭერის სისტემებთან ხელმისაწვდომობასა და მათ გაძლიერებაზე, როგორც ხანდაზმული ადამიანების, ისე მათი მომვლელების/მზრუნველების მიმართ.

საქართველოში ხანდაზმულ პირთა ზრუნვისა და მხარდაჭერის სისტემას მრავალი ხარვეზი აქვს. სახალხო დამცველი საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში ასახავს სახელმწიფო თუ კერძო ზრუნვის დაწესებულებებში მოთავსებული ხანდაზმული პირების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს და გამოკვეთს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. წლებია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ნაწილში არასათანადოდ სრულდება საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები.

განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურების არაინფორმირებულობა ქვეყანაში კერძო დაფინანსებით მოქმედი ხანდაზმულთა დაწესებულებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ასეთი დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტების და მათ შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე და მოუწოდებს აღნიშნულზე პასუხისმგებელ უწყებებს მათი დროული შექმნისაკენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)