სიახლეები

განცხადება თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

2022 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ მყოფი ხანდაზმულების სხვა დაწესებულებებში გადაყვანის პროცესის დაწყების თაობაზე. სახალხო დამცველი ეხმიანება აღნიშნულ შემთხვევას, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით.

სახალხო დამცველისთვის რამდენიმე წელია ცნობილია აღნიშნული დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციისა და მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ. ზოგადად, აღნიშნული პროცესი გულისხმობს დიდი ინსტიტუციების გაუქმებას და ხანდაზმულთა ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანას, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სერვისები და შეძლებენ თემში ადაპტირებას, რასაც ცხადია, მივესალმებით. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პანსიონატში ბენეფიციართა მცირე რაოდენობის (სულ 17 ბენეფიციარი) და იქ შექმნილი კარგი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ინსტიტუტის დახურვის შემდეგ, უზრუნველყოფილ იქნეს ხანდაზმულთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შენარჩუნება და არა მათი გაუარესება.

ამ პროცესთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვასთან[1] ერთად, 2022 წლის 18 ნოემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს“ ეწვივნენ. ბენეფიციარებთან და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

ხანდაზმულმა ბენეფიციარებმა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აგვისტოში შეიტყვეს, თუმცა მათთვის არავის უცნობებია მათი გადაყვანის კონკრეტული თარიღი. ხანდაზმულებს, მხოლოდ ნოემბერში ეცნობათ, რომ 1 დეკემბრამდე იგეგმება მათი შენობიდან გაყვანა და ამავე დროდან გაეთიშებათ დენი, წყალი და გაზი;

  • ბენეფიციარების განმარტებით, მათთან ფსიქოლოგს ინდივიდუალურად არ უმუშავია; სოციალურ მუშაკებთან გასაუბრებები კი ფორმალურად ჩატარდა, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანდასწრებით. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებულმა სტრესმა დაამძიმა მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე;
  • ამ ეტაპისათვის არსებული ინფორმაციით, ადგილი სადაც დაგეგმილია ხანდაზმულთა გადაყვანა, მოშორებულია დასახლებულ პუნქტს და მის მიმდებარედ არ არის გაჩერება, მაღაზია, აფთიაქი, სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნულის გათვალიწინებით ხანდაზმულებს აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუარესების მოლოდინი, რაც ასევე ამძიმებს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“:

  • „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ მყოფ ხანდაზმულებთან გაწიოს რეალური ინდივიდუალური მუშაობა და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოს მათი ფსიქო-ემოციური მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის;
  • დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, ხანდაზმულთა გადაყვანა მოხდეს ისეთ დაწესებულებებში, სადაც დაცული იქნება ხანდაზმულთა მომსახურების სტანდარტები და ღირსეული ცხოვრების პირობები და არ დაუშვას მათი პირობების გაუარესება.

სახალხო დამცველი განაგრძობს დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მონიტორინგს.


[1] ამ ეტაპისათვის აპარატს არ მიუღია მოთხოვნილი ინფორმაცია.


©️ ფოტო: რადიო თავისუფლება

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)