სიახლეები

31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღეა

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით კეთდება სათანადო განცხადებები თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე.

საქართველოს სახალხო დამცველს ამ დღეს სურს კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი თამბაქოს ნაწარმის მიერ მოსახლეობისთვის ჯანდაცვის თვალსაზრისი წარმოშობილ საფრთხეებს.

ამ მიმართულებით მისასალმებელია 2017 წელს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რითაც შეიზღუდა ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომობა/მოხმარება და თამბაქოს კონტროლის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა როგორც თამბაქოს ჩარჩო კონვენციასთან, ისე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებსა და რეკომენდაციებთან.

აღნიშნული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სამწუხაროდ, 2018 წლის დეკემბერში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდა იმ შენობა-ნაგებობებში სადაც სათამაშო აპარატების სალონებია მოწყობილი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს სახალხო დამცველმა თამბაქოს კონტროლის სფეროში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია და როგორც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შესუსტების ტენდენცია, უარყოფითად შეაფასა.

ამჟამად საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომლითაც დასაშვები ხდება თამბაქოს ნაწარმის (თუთუნის) 15 გრამიანი შეფუთვის წარმოება/რეალიზაცია, რაც კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით უთანაბრდება ერთი კოლოფი სიგარეტის დამზადებისთვის საჭირო თუთუნის რაოდენობას. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მოცემული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა სახალხო დამცველის უარყოფითი პოზიცია ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროდ კომიტეტმა პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი აღნიშნული კანონპროექტს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ისევე როგორც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში 2018 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები, აღნიშნული რეგულაციაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თამბაქოს პროდუქტის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით კი გართულდება არასრულწლოვანთა დაცვა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან, რაც საბოლოოდ ძალზედ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და შეასუსტებს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკას - რის გამკაცრებასაც საქართველოს სახალხო დამცველი წლებია უჭერს მხარს. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ თამბაქოს ნაწარმის 15 გრამიანი შეფუთვის წარმოება/რეალიზაციის დაშვება წინააღმდეგობაში მოდის როგორც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის პრინციპებთან, ისე 2014/40/EU ევრო დირექტივის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ რეგულაციასთან.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაუჭერს მხარს ზემოაღნიშნულ კანონპროექტს, ასევე მომავალში ინიცირებულ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)