სიახლეები

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

1987 წლიდან ყოველ წელს, 31 მაისს მსოფლიოში თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რათა მსოფლიოს ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისა და მისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგებისადმი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ქვეყანაში 2017-2019 წლებში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებას, რაც მოსახლეობის ჯანდაცვისთვის შექმნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის აღსაკვეთად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯად უნდა მიიჩნეს. თუმცა, ამ მხრივ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს 2024 წლის 29 მაისს საგადასახადო კოდექსში[1] სამი მოსმენით პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლითაც 1 კილოგრამ თუთუნზე[2] აქციზის განაკვეთი 60-დან 30 ლარამდე შემცირდა. აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაშია თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით განსაზღვრულ პრინციპებთან და კონვენციის მე-6 მუხლთან, რომლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ, რომ სატარიფო და საგადასახადო ზომები წარმოადგენს მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიუთითა სპეციალურ ანგარიშში„თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ არასრულწლოვანი პირებისათვის თამბაქოს ნაწარმის იოლი ხელმისაწვდომობის საფრთხეებზე. შესაბამისად, სამწუხაროა კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით აღიარებულ მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისთვის თამბაქოს ნაწარმზე ხელმისაწვდომობის შემცირების მიზანს.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს უფლებამოსილი ორგანოების მიერ თამბაქოს კანონმდებლობის ეფექტური მონიტორინგის გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის, თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა ეფექტური დაცვის და დახურულ სივრცეებში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით, ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაუჭერს მხარს მომავალში ინიცირებულ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომობის გაზრდას.


[1] კანონპროექტი ხელმისაწვდომია: <https://info.parliament.ge/#law-drafting/28103 >

[2] საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდით N2403 19 განსაზღვრული საქონელი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)