სიახლეები

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

20 ივნისს მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ მოწყვლადი კატეგორიის პირებზე, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და უსაფრთხო თავშესაფარი მოეთხოვათ უცხო ქვეყნებში.

მსოფლიოში 89 მილიონზე მეტი ადგილნაცვალი პირია[1], მათ შორის დაახლოებით 27 მილიონი ლტოლვილია, რომელთა ნახევარი არასრულწლოვანია. ლტოლვილები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ მიმღები სახელმწიფოს მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყო მათი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია.

წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლტოლვილთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება, რადგან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად მილიონობით უკრაინის მოქალაქე გახდა ლტოლვილი. დაახლოებით 7 მილიონზე[2] მეტმა უკრაინის მოქალაქემ დატოვა სამშობლო და ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს შეაფარა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქალაქეებს სათანადო და მყისიერი დახმარება გაუწიეს მთავრობამ და კერძო სექტორმა, კვლავ რჩება გამოწვევები მათ განსახლებასთან და სოციალური და ეკონომიკური სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და უკრაინის მოქალაქეების მომართვიანობის შესწავლის შედეგად ცხადი ხდება, რომ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გრძელვადიანი განსახლება.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა ყველა ზომას მიიღებს, რათა უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს შეაფარეს თავი ღირსეული პირობები შეექმნათ.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღის კონტექსტში საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ „დარიალში“ მყოფ ინსა ოგუზის უფლებრივ მდგომარეობას. ჟურნალისტი კვლავ ნეიტრალურ ზონაშია და არასათანადო პირობებში იმყოფება. კვლავ არ მომხდარა მისი გადამისამართება მიგრაციის დეპარტამენტში და არ აქვს წვდომა თავშესაფრის პროცედურაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ინსა ოგუზი მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობებით და მიეცეს მას წვდომა უსაფრთხო ტერიტორიასა და საერთაშორისო დაცვაზე.

თავშესაფრის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლით გარანტირებული უფლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწოფოს მხრიდან დაცული იყოს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული უფლებები.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ უზრუნველყოფილი იქნება ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო დაცვა და მათი პრობლემების მოგვარების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.


[1] https://www.unhcr.org/figures-at-a-glance.html

[2] https://www.unhcr.org/ua/en/46035-unhcr-updates-ukraine-refugee-data-reflecting-recent-movements.html

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)