სახალხო დამცველი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება
სახალხო დამცველი პირველივე დღეებიდან ადევნებს თვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ, სამართლიან კომპენსაციებს ითხოვს. დაზარალებულები ასევე, პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ.
უკვე 105 დღეა რაც აქციები მიმდინარეობს, ხოლო 20 დღეზე მეტია აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - პირი ამოიკერა და შიმშილობს.
საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და მათი მოთხოვნები მოისმინეს. ასევე, გვაქვს მუდმივი კონტაქტი აქციის ორგანიზატორებთან.
აქციის მონაწილეების მოთხოვნების კომპანიის წარმომადგენლებთან განხილვის მიზნით, 2021 წლის 31 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელთან, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მაცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა. ამასთან, წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენელის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება.
აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ“ განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც. (როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ზარალის ოდენობის შეფასების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ მიმართოს). ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები.
შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს - ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.
სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე.