1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
პირველ ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და უკეთ რეალიზება.
მიმდინარე წელს გაერომ ეს დღე - ყველა ასაკში ციფრულ ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თემას მიუძღვნა, რაც ხანდაზმულ პირთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი წვდომისა და ციფრულ სამყაროში მათი მონაწილეობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ინტერნეტი, მობილური კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტი თუ სხვა ტექნოლოგიები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. თუმცა, სამწუხაროდ, ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების სხვა ჯგუფებთან შედარებით ან საერთოდ არ აქვთ ტექნოლოგიებზე წვდომა, ან სრულად ვერ სარგებლობენ პროგრესის ამ შესაძლებლობებით და არც საჭირო უნარები გააჩნიათ. ეს ბარიერი ხელს უშლის მათ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. პანდემიამ აღნიშნული გამოწვევა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და ხანდაზმულთა სოციალური გარიყულობაც უფრო მეტად გაიზარდა. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაციის პროცესში, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით ხდებოდა, ხანდაზმულ და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, ხელი არ მიუწვდებოდათ ამ სერვისზე, შედეგად, საქართველოში აცრილთა შორის ხანდაზმულთა ხვედრითი წილი ძალიან დაბალია.
სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს ქვეყანაში ხანდაზმულთა საჭიროებებს. ხანდაზმულთა ციფრული ჩართულობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფომ გააცნობიეროს ამ საკითხის მნიშვნელობა და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ხანდაზმულთა მიერ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების, ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის დაძლევის მიზნით.