სიახლეები

1 მაისი მსოფლიო მშრომელთა საერთაშორისო დღეა

1 მაისი მსოფლიო მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე სიმბოლურად აღნიშნავს დასაქმებულთა უწყვეტ ბრძოლას ღირსეული სამუშაო პირობების მოსაპოვებლად.

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დასაქმებულებს კვლავაც უწევთ ბრძოლა ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად. ქვეყანაში გამოწვევად რჩება ღირსეული ცხოვრებისთვის შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურება. შემოსავლების სამსახურის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2024 წლის პირველ კვარტალში ხელფასის სახით საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურება მიიღო 24984-მა ფიზიკურმა პირმა, მათ შორის 100 ლარზე (გადასახადების ჩათვლით) ნაკლები - 6621-მა ადამიანმა. დაახლოებით 127000 მუშაკის ანაზღაურება ნაკლებია საშუალო თვიური ხელფასის 60%-ზე.[1]

2023-2024 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა გამოავლინა ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კულტურის დაწესებულებებში დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებები არ პასუხობს შრომის კოდექსის მოთხოვნებს და დასაქმებულ მუშაკებს უსაფუძვლოდ უზღუდავს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას.[2]

ასევე, გამოვლინდა ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმებული პირების შრომითი უფლების შეზღუდვის ფაქტები. გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულები მსჯავრდებულების შრომითი უფლებების სათანადო რეალიზების საკითხიც. აღნიშნულ ფაქტებზე საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს სათანადო რეაგირებისთვის მიმართა.

კვლავ გამოწვევაა შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები. 2023 წელს სახალხო დამცველმა განიხილა საქმეები, რომლებიც დამსაქმებელთა მხრიდან პროფესიული კავშირებისა და მათი წევრების უფლებების დარღვევისა და პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა. სახალხო დამცველმა გამოკვეთილი პრობლემური ტენდენციების გათვალისწინებით, 2023 წლის 4 სექტემბერს, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს რიგი რეკომენდაციებით მიმართა, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველმა სამივე პლატფორმულ საქმიანობაში ჩართულ პირთა საქმეებზე („ბოლტი“, „გლოვო“, „ვოლტი“) იმსჯელა და შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტები დაადგინა.

გარდა ამისა, 2023 წელს სახალხო დამცველმა ასაკისა და განსხვავებული მოსაზრებით ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებიც წარადგინა და სასამართლოს შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენის ტესტი/სტანდარტები, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკები მიეწოდა.

კვლავ პრობლემად რჩება შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება, მათი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და ღია შრომის ბაზარზე დასაქმება. ასევე, მოქმედი შრომის კანონმდებლობით დღემდე კერძო დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული მშობლისთვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების საკითხი, რაც საქართველოს სახალხო დამცველს არაკონსტიტუციურად მიაჩნია.[3] ამ კუთხით მისასალმებელია, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მათ შორის უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების პროგრესულ განმტკიცებას, რისი ერთ-ერთი ინდიკატორი საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან შიდა კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტიის ამ დრომდე არაღიარებული ნორმებთან მიერთების პროცესის დაგეგმვა და დროული განხორციელება, განსაკუთრებით ევროპის სოციალური ქარტიის იმ მუხლების სავალდებულოდ აღიარება, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაქმებულთა უფლებას უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე, შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე და დამატებით გარანტიას ქმნიან დასაქმებული ქალების დედობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.[4]

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს გადადგან ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა შრომითი უფლებების სათანადო რეალიზების მიზნით.


[1] ინფორმაცია ხელმისაწვდომია <www.rs.ge/statistics >

[2] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება https://shorturl.at/oIQ03

[3] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 6 მაისის №1698 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/rvTW1

[4] ევროპის სოციალური ქარტიის მე-3, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)