რეკომენდაციები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერს სამშენებლო ღობეებზე გამოხატვის სხვადასხვა საშუალების განთავსების გამო დაჯარიმების თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ღობეებზე გამოხატვის სხვადასხვა საშუალების განთავსების შედეგად, პირთა დაჯარიმების შემთხვევები შეისწავლა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფაქტები დაადგინა.

კერძოდ, საქმეების შესწავლისას, გამოიკვეთა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლი) განიხილავს სამშენებლო ღობეებზე წარწერების, ნახატებისა და სიმბოლოების შესრულებას, აგრეთვე მათზე პოლიტიკური შინაარსის პლაკატების განთავსებას არასაარჩევნო პერიოდში და მსგავსი ქმედებების განმახორციელებელ მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სანქციას უფარდებს.

საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებული ნორმით გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე შეზღუდვების დადგენის ლეგიტიმური მიზანია, დაიცვას და შეინარჩუნოს თბილისის იერსახე. თავის მხრივ, საქართველოს სამშენებლო კანონმდებლობის ანალიზი მოწმობს, რომ სტანდარტული ღობისგან განსხვავებით, დროებითი სამშენებლო ღობე არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთიანი იერსახის ნაწილს. შესაბამისად, მათზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის მოქმედების გავრცელება და პირთა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებელია, ეწინააღმდეგება უფლების შეზღუდვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით დამკვიდრებულ სტანდარტს.

საგულისხმოა, რომ საქმისწარმოების ფარგლებში, აგრეთვე გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც უწყებამ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებად მიიჩნია სამშენებლო ღობეზე პოლიტიკური შინაარსის პლაკატების განთავსება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ამ თვალსაზრისით, გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა, საყურადღებოა ისიც, რომ სააგიტაციო მასალის (მათ შორის, პლაკატების) გაკვრის წესს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება განსაზღვრავს, რომელიც პირდაპირ უშვებს სადავო ქმედების განხორციელებას სამშენებლო ღობეებზე.

ამდენად, 2020 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ან/და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში და ბრძანებებში; ამასთან, მომავალში არ განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის საფუძველზე პირთათვის ადმინისტრაციული სანქციის შეფარდება სამშენებლო ღობეებზე გამოხატვის სხვადასხვა საშუალების განთავსების გამო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)