რეკომენდაციები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბათუმში სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

2020 წლის 28 დეკემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთან და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრე ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, ღია წესით, თხრილებში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკვე ათწლეულებია განთავსებული. ამ ფორმით ნარჩენები საფრთხეს უქმნის როგორც ეკოლოგიას, ასევე ადამიანების უფლებას იცხოვრონ ჯანმრთელებისათვის უვნებელ გარემოში და სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. მიუხედავად სახიფათო ნარჩენების მართვის თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, სახალხო დამცველის შეფასებით გაუმართლებელია წლების განმავლობაში გრძელდებოდეს მოსახლეობის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა.

პრობლემის მოსაგვარებლად სახალხო დამცველმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა რეკომენდაციებით:

  • უმოკლეს ვადაში განახორციელოს ყველა საჭირო და ეფექტური ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სახიფათო ნარჩენების მართვისა და მისი განთავსებით გამოწვეული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით
  • უზრუნველყოს თითოეულ დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით მოქალაქეთა დროული და ამომწურავი ინფორმირება.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)