ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია კიდევ ერთმა საჯარო დაწესებულებამ გაიზიარა. კერძოდ, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლის მცხოვრები სამი არასრულწლოვანი შვილის მშობლისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების შესახებ.
საქმის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად, 2016 წლის 1 იანვრიდან ა(ა)იპ უკანონოდ ხორციელდებოდა ბაღში დასაქმებულისათვის გაცემული ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავებას.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის პასუხად, საჯარო დაწესებულებამ გამოთქვა მზაობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოახდინოს 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე დასაქმებულისათვის გაცემული ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის“ მიერ რეკომენდაციის გაზიარებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს რაოდენ მნიშვნელოვანია საჯარო უწყებების მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარება კანონიერი საჯარო მმართველობის ეფექტური განხორციელებისათვის.