სიახლეები

ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

2022 წლის 22-23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ტრენინგი გამართეს ბავშვის უფლებების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ტრენინგის მიზანი იყო პედაგოგებისთვის ბავშვის უფლებების სხვადასხვა კომპონენტზე ცოდნის გაღრმავება, რათა გარკვეული სპეციფიკის თემებზე მათ შეძლონ მოსწავლეთათვის ბევრად დეტალური ინფორმაციის მიწოდება და ასევე, ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მათი დაცვის მიზნით კონკრეტული მექანიზმების იდენტიფიცირება და რეაგირება.

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ბავშვის უფლებათა და გენდერის დეპარტამენტების თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის სფეროები, ასევე ბავშვის უფლებების, მათ შორის არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ძირითადი პრინციპები. მიმოიხილეს ის საპოლიციო ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა არასრუწლოვანთა მიმართ გატარდეს, ისაუბრეს ბავშვებისთვის რელევანტურ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და არასრულწლოვნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ძირითად ასპექტებზე.

შეხვედრების მონაწილეებმა ასევე განიხილეს მოწმე/დაზარალებულისა და ბრალდებულის უფლებები, საგამოძიებო მოქმედებები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს ბავშვის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჩადენილ დანაშაულებს, სქესობრივ დანაშაულებსა და ადრეულ ქორწინებას; ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და აქტივობებს, რომელიც მიმდინარეობდა პედაგოგთა აქტიური ჩართულობით.

ღონისძიება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება სახალხო დამცველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან საგანმანათლებლო საქმიანობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)