შეწყალების წესში განხორციელებული ცვლილებები
2019 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა N556 ბრძანებულებით შეწყალების ახალი წესი დაამტკიცა. შეწყალების ახალი წესი ძველი პროცედურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რის შესახებაც აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება.
პრეზიდენტისთვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად შეწყალების კომისიის ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური მოამზადებს. სწორედ ეს სამსახური იქნება უფლებამოსილი პრეზიდენტს წარუდგინოს:
- იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით
- იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით და სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად
- ინფორმაცია იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც პრეზიდენტისათვის სამსახურის მიერ განსახილველად წარდგენას არ ექვემდებარებიან
ამასთან, სამსახურს არ შეუძლია პრეზიდენტს მიმართოს სასჯელმოხდილი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე, თუმცა პრეზიდენტს ეს პრეროგატივა კვლავ გააჩნია. პრეზიდენტს ისევ შეუძლია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, ან ამ მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. წესის მიხედვით, პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულთა საქმეები, ვინც:
- მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი
- რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი
- რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი
- რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი
- რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა
- რომელიც არ ითხოვს შეწყალებას
შესაბამისად, ახალი წესი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
- უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა გაიზარდა 15 წლიდან 20 წლამდე
- ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა გაიზარდა სასჯელის 1/2-დან 2/3-მდე იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო, ან ვინც მსჯავრდებულები იყვნენ წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული
- იმ მსჯავრდებულთა ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა, ვისაც დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს 5 წლის ვადით, შემცირდა დანიშნული სასჯელის 1/3-დან 1/4-მდე
ამასთან, ძველი წესისგან განსხვავებით, სასჯელის მოხდის ადგილის უარყოფითი დახასიათება შეწყალების საკითხის გამომრიცხველ გარემოებას არ წარმოადგენს. სამსახური პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო.
ახალი წესის თანახმად, შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან/და დარგის სპეციალისტებთან. შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი, კლასიკური გარემოებების გარდა (დანაშაულის მიზანი, მოტივი, შედეგი და ა.შ.) ითვალისწინებს ისეთ გარემოებებსაც, როგორიცაა: ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული შშმპ, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ; დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან პროცესის მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან; დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.
ახლად ამოქმედებული წესის თანახმად, პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება პირის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. აღნიშნული ინფორმაცია გაეგზავნება პენიტენციურ სამსახურს, რომელიც გადაწყვეტილებას მსჯავრდებულს აცნობებს.
შეწყალების საქმე პრეზიდენტს ხელახლა შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. ამასთან, იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც 2020 წლის 1 იანვრამდე არ გამოიცემა შეწყალების თაობაზე განკარგულება, განიხილება შეწყალების თხოვნის ხელახლა წარმოდგენისას და არ იმოქმედებს საქმის ხელახლა წარდგენისათვის დადგენილი 6-თვიანი ვადით შეზღუდვა.