სიახლეები

სახალხო დამცველის წინადადება სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით

2017 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულების: ბ.შ.-ს და კ.გ.-ს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის სასამართლოს მიერ სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევით განხილვასთან დაკავშირებით, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით, მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

მოსამართლემ ბ.შ.-ს და კ.გ.-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში არასარწმუნოდ მიიჩნია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ და დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა აღნიშნული ფაქტი. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა არა ბ.შ.-ს და კ.გ.-ს მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, არამედ ხსენებული პირების ბრალდების საქმე.

არასათანადო მოპყრობის თაობაზე ბრალდებულთა განცხადების მოსამართლის მიერ არასარწმუნოდ შეფასება, მოცემულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების გარეშე და მტკიცებულებათა მოპოვების არარსებობის პირობებში, სერიოზული საფრთხის შემცველია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. სასამართლოს ამგვარი დასკვნა შეიძლება მასტიმულირებელი ეფექტის მქონე იყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სწრაფი, ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების/ჩატარების ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის. საერთო სასამართლოების მოცემული შემთხვევის მსგავსად განვითარება ეფექტიანი გამოძიების შემაფერხებელი დამატებითი უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორი აღმოჩნდება.

მოსამართლემ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულება (განიხილოს მხოლოდ ბრალდებულის ბრალდების საქმე), და იგი არ არის უფლებამოსილი დაადგინოს ბრალდებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულის ჩადენის/არჩადენის ფაქტი და მიიღოს გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული გამოძიების დაწყების/არდაწყების საკითხზე.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკას, კერძოდ, არღვევს ჯეროვანი კეთილსინდისიერებით და სათანადო გულისხმიერებით მოვალეობის შესრულების პრინციპებს და ხელს უშლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და სამართლიანობის თაობაზე საზოგადოებრივი რწმენის ჩამოყალიბებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)