სიახლეები

სახალხო დამცველი მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

2015 წლის 23 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა ბულგარეთის სამი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

ბრალდებულთა განმარტებით, 2014 წლის 15 აგვისტოს, დღის 3.00 საათზე, ტაქსით გადაადგილდებოდნენ ბათუმის აეროპორტისკენ სოფიაში (ბულგარეთი) გამგზავრების მიზნით, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომანქანა, სამივე მათგანი გადაანაწილეს პოლიციის ავტომანქანებში ცალ–ცალკე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რომელიც დაახლოებით, ღამის 12 საათისთვის დასრულდა. ამასთან, პოლიციელებმა არ უზრუნველყვეს თარჯიმნის მონაწილეობა, არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა, არ განუმარტეს უფლებები და არ აძლევდნენ გადაადგილების შესაძლებლობას, აიძულეს ხელი მოეწერათ მათთვის უცნობ (ქართულ) ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე, ღამის 12.00 საათისთვის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც 16 აგვისტოს დღის 12.00 საათამდე გააჩერეს. შემდეგ გადაიყვანეს ერთ–ერთ სასტუმროში და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, სამივე ერთ ნომერში მოათავსეს. იმავე დღეს, 17.00 საათზე განხორციელდა დაკავების ოფიციალური პროცედურა და შედგა შესაბამისი ოქმები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულგარეთის მოქალაქეთა დაკავების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა 16 აგვისტოს, დაახლოებით 13.30 საათზე გამოტანილი განჩინებებით დააკმაყოფილა.

19 აგვისტოს განჩინების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ვინაიდან ისინი დააკავეს არა დაკავების ოქმში მითითებულ დროს, არამედ, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის მოქალაქეების დაკავება განხორციელდა 2014 წლის 15 აგვისტოს, მათ დაკავებისთანავე არ განემარტათ მათი უფლებები, ასევე, არ შედგა მათი დაკავების ოქმები დაკავების ადგილზე ან პოლიციის განყოფილებაში, დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში არ გადაეცათ ბრალდების შესახებ დადგენილების ასლები, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევას. საქართველოს უზენაესი კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული – ადამიანის თავისუფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვის შემთხვევაში მოხდეს რეაგირება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)