სიახლეები

სახალხო დამცველმა საზოგადოებას სპეციალური ანგარიში გააცნო

2024 წლის 15 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს წარუდგინა სპეციალური ანგარიში - „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში“.

სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში 194 მსჯავრდებულის საქმის შესწავლისა და მომწესრიგებელი კანონმდებლობის გაანალიზების საფუძველზე მოამზადა.

პრეზენტაციის გახსნისას სახალხო დამცველმა სასჯელის გადავადებისა და გათავისუფლების შესახებ პატიმრებისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიმართ შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინა.

გამოვლინდა, რომ არ არსებობს მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც ნათელს გახდიდა საშეღავათო მექანიზმებით სარგებლობის პროცედურებს.

  • სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ხანდაზმულობის გონივრული ვადები;
  • შუამდგომლობები ხშირად დაუსაბუთებელია;
  • ვლინდება სასამართლო ქვემდებარობის ხარვეზები;
  • სასამართლო პრაქტიკა რიგ შემთხვევებში არაერთგვაროვანია;
  • არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობას დაადგენდა და იმ მტკიცებულების განხილვის პროცედურას გაწერდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის დროს კანონის დარღვევით იყო გამოკვლეული;
  • კანონმდებლობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლომ დაადგინოს სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით ჩატარებისა და დასკვნის წარდგენის განსხვავებული ინტერვალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არსებობს;
  • არ არსებობს რეგულაცია, რომელიც უფლებას მისცემდა იმ პატიმარს, რომელსაც განაჩენის აღსრულება გადავადებული აქვს, დამატებით მიმართოს სასამართლოს ასაკის ან ჯანმრთელობის გამო სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შუამდგომლობით;
  • მუდმივმოქმედი კომისიისთვის მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ მიმართვის პროცედურები ბუნდოვანია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი.

პატიმრებისთვის არსებული საშეღავათო მექანიზმების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ყველა რელევანტურ უწყებასთან.

ღონისძიება USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)