სიახლეები

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილი მონახულა

2023 წლის 19 მარტს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კლინიკა „ვივა მედში“ განთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი მოინახულა, რომლებიც ასევე კლინიკა „ვივა მედში“ გადიან მკურნალობას.

„თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.

ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.

თუმცა, ჩემი მხრივ დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან.

ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)