სიახლეები

სახალხო დამცველის წინადადება მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესების არაჯეროვნად დაცვის საკითხზე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაიზიარა

სახალხო დამცველის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში ჩატარებული შემოწმებით დადასტურდა მსჯავრდებულ თ.ბ.-ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის განხილვის პროცესში, პენიტენციური სისტემის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტი. შედეგად, დისციპლინური სახდელი დაეკისრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ თანამშრომელს.

სახალხო დამცველის აპარატმა მსჯავრდებულ თ.ბ.-ს საქმე ყოველმხრივ შეისწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მსჯავრდებულის პირადი საქმე სრულყოფილად არ გადაგზავნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პირველ ადგილობრივ საბჭოში. დახასიათებას აკლდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებსაც, შესაძლოა, არსებითი და გადამწყვეტი ზეგავლენა მოეხდინა საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. შედეგად, პატიმარს უარი ეთქვა სასჯელის შეცვლაზე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პენიტენციურ სისტემაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წახალისების/საშეღავათო ფორმა, თუმცა, მათგან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმი. ეს მექანიზმი არის ერთგვარი პირობა და იმედი პატიმრისთვის, რომ მისი ქცევის დადებითი ცვლილება და სწრაფვა რესოციალიზაციისკენ არ იქნება შეუმჩნეველი, არ დარჩება უპასუხოდ. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს მექანიზმი გამართულად და სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს. სახალხო დამცველის აპარატი, მანდატის ფარგლებში, ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული ამ მექანიზმის გაძლიერებასა და კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში, რათა პატიმრების ქცევის პოზიტიური ცვლილება მოტივირებული და წახალისებული იყოს.

მოცემულ საქმეში გამოვლენილი დარღვევის თაობაზე სახალხო დამცველმა წინადადებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა, რათა განხორციელებულიყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება პატიმრის კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტზე. მისასალმებელია, რომ წინადადება იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა გაიზიარა.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აქტიურად გააგრძელებს პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმის ეფექტიანად ფუნქციონირების მონიტორინგს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)