სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან „ბავშვი და პოლიციის“ თემაზე შეხვედრების მესამე ეტაპი გამართეს

2023 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რეგიონულ სამმართველოსთან ერთად, საქართველოს იმერეთის, გურიის, აჭარის, ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან „ბავშვი და პოლიციის“ თემაზე შეხვედრების მესამე ეტაპი გამართეს.

პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის მათი უფლებების, განსაკუთრებით კი, პოლიციასთან ურთიერთობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

მესამე ეტაპის შეხვედრებმა 46 საჯარო სკოლის 1325 მოსწავლე მოიცვა.

შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა საპოლიციო მოქმედებისას ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებს. სკოლის მოსწავლეებს განუმარტეს, თუ რა უფლება-მოვალეობები აქვთ მათ ისეთი მოქმედებების განხორციელებისას, როგორიცაა გამოკითხვა, იდენტიფიკაცია (პოლიციის მიერ ბავშვებისთვის ფოტოების გადაღება), ზედაპირული შემოწმება და სხვა. მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას იმ უფლებამოსილი უწყებების შესახებ, რომლებსაც უნდა მიმართონ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საინფორმაციო და სასწავლო შეხვედრებსა უფლებების შესახებ მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულად მიესალმება ბავშვების მაღალ ინტერესს სამოქალაქო განათლების მიმართ და მადლობას უხდის მათ შეხვედრებში აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციებს ეფექტიანი თანამშრომლობისა და პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)