სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში აქციებში მონაწილე ორი დაკავებული მოინახულეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, აქციებში მონაწილე ორი დაკავებული მოქალაქე მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია დღეს, საჯაროდ გავრცელდა.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა დააზუსტა ინფორმაციის დეტალები. აღნიშნულის შემდგომ კი, სახალხო დამცველის რწმუნებულები დაუყოვნებლივ შეხვდნენ დასახელებულ ორ პირს, მათი უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების დადგენის მიზნით.

ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.

მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა უკვე შეატყობინა დაკავებულების ადვოკატს.

სახალხო დამცველის აპარატი მზად არის ნებისმიერი უფლებადარღვევის, მათ შორის, პატიმართა უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე დაუყოვნებლივ გაატაროს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის ცხელ ხაზს - 14 81.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)