სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების ინიციატივასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის[1] ინიციირებას, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გავრცელებას პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეულ დანაშაულებზე.

2022 წელს, სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, ეუთო/ოდირის[2] დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღინიშნა, რომ გაუგებარი იყო, თუ რატომ გამოირიცხა პროკურორების მიერ მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ძალადობის, გაუპატიურების და ტრეფიკინგის, მუქარის სავარაუდო ფაქტების გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომპეტენციიდან, მაშინ როდესაც, საგამოძიებო უწყების მანდატი სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულებს ფარავდა. სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება[3] წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის საკმარისი გარანტირების უზრუნველყოფის საკითხზე, სადაც ხსენებული ცვლილების საჭიროებაზეც იყო ხაზგასმა.

ამრიგად, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაგეგმილ ცვლილებას და იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ხსენებულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველისა და ეუთო/ოდირის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული სხვა რეკომენდაციებიც.


[1] იხ. <https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/356667>

[2] იხ. <https://www.osce.org/files/f/documents/d/1/512728.pdf>

[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 3 ნოემბრის N15/11047 წინადადება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)