სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსი ასზე მეტ პატიმარს დაუდასტურდა. აღნიშნული ვითარების მონიტორინგისა და პატიმართა სხვა უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დღემდე შეუზღუდავად აგრძელებს პრევენციული და ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტები ხორციელდება კოვიდ ტესტის ჩატარების შემდგომ, შესაბამისი ეკიპირებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან. მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები გადაყვანილი არიან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სისტემის განტვირთვასთან დაკავშირებით. კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისთვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)