სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით

N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

მსჯავრდებული რ. შ. ხშირად მიმართავს სახალხო დამცველს და აღნიშნავს, რომ პენიტენციური დაწესებულება პერიოდულად არ უზრუნველყოფს მისი განცხადებების/საჩივრების გაგზავნას სხვადასხვა უწყებებში. მორიგი მომართვისას მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს, 2023 წლის 26 იანვარს, 2023 წლის 30 იანვარს, 2023 წლის 1 თებერვალს და 2023 წლის 13 თებერვალს სოციალურ მუშაკს გადასცა კონფიდენციალური საჩივრები კონკრეტულ უწყებებში გაგზავნის მიზნით, თუმცა, კორესპონდენცია არ გაიგზავნა.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტები. დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივებისა და დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულმა, მითითებულ დღეებში მართლაც გადასცა კონფიდენციალური საჩივრები სოციალურ მუშაკს. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით კი, პენიტენციური დაწესებულება უარყოფდა მსჯავრდებულის მიერ სოციალური მუშაკებისთვის კორესპონდენციის ჩაბარების ფაქტს.

საქმის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა წინადადებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა და რ. შ.-ს მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტებზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება მოითხოვა. წინადადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა, რომლის შედეგად, დადასტურდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. დისციპლინური სახდელი დაეკისრა სამ პირს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების, მათ შორის, მიმოწერის უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას. აპარატი მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მონიტორინგს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)